თბილისის მეტრო

განახლებული მატარებელი თბილისის მეტროში

თბილისის მერია

თბილისის მეტროს ახალი მოდერნიზებული მატარებელი ეყოლება. მატარებელი მეტროსადგურ უნივერსიტეტის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში. განსხვავებული ფორმისა და დიზაინის 4 ვაგონი უკვე მზად არის, კიდევ 4 ვაგონი - ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

თბილისის მერიის ცნობით, მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, ასევე, შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები.

"სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები" - აცხადებს დედაქალაქის მერია.


ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება დღეს პირველად მოხდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“ - ამბობს ნარმანია. 

თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე - კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

სექტემბრის მეორე ნახევრიდან თბილისს 23-ე მეტროს სადგური შეემატება. მეტრო უნივერსიტეტის განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ახალ სადგურზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.

კომენტარები