არჩევნები 2017

Isfed: წინასაარჩევნოდ, ფიზიკური დაპირისპირების 2 და ზეწოლა-მუქარის 2 ფაქტი დაფიქსირდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

Isfed-ის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების 2; ზეწოლა-მუქარის 2; სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 1; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; დამკვირვებლისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი.

"ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიებიის დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა" - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებითვე, მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ძირითადი აქტივობები, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა.

"აღნიშნული ფაქტები საარჩევნო კოდექსის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საარჩევნო პერიოდში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების გააქტიურება და მათი დაფინანსების ზრდა მიმართულია არჩევნების წინ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის გასაზრდელად მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

კიდევ ერთი შესამჩნევი ტენდენცია იყო სოციალური ქსელით თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო კამპანია სავარაუდოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით. საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა" - წერია ანგარიშში. სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინასაარჩევნო აგიტაცია და უკანონო შემოწირულობაა. 

კომენტარები