მიხეილ სააკაშვილი

პროკურატურა: კიევში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა 1 სექტემბერს გავაგზავნეთ

მთავარი პროკურატურა

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მესამედ გაუგზავნა. ქართული მხარე ამ ამბავს დღემდე მალავდა. თუმცა დღეს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ საქართველოსგან სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღეს, რის შემდეგაც მთავარმა პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში შესვლას კრაკოვიცას სასაზღვრო პუნქტით, ევროპარლამენტარებთან ერთად აპირებს.

პროკურატურას 2015 წლიდან დღემდე უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნა ორჯერ ჰქონდა გაგზავნილი. იმის გამო რომ კანონმდებლობით უკრაინას მისი მოქალაქის სხვა სახელწმიფოსთვის გადაცემის უფლება არ აქვს პროკურატურის ორივე მოთხოვნა უშედეგო დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა იურიდიულად მისი საქართველოსთვის გადმოცემა გახდა შესაძლებელი. 

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბი ოფიციალური კიევის ინფორმაციით იყო ის, რომ სააკაშვილმა ანკეტაში არ მიუთითა რომ საქართველოში მასზე საქმეები იყო აღძრული. სააკაშვილი კი აცხადებს, რომ მას კიევისთვის არანაირი ინფორმაცია არ დაუმალავს და სინამდვილეში ანკეტაზე მისი ხელმოწერა გააყალბეს.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს აშშ-ში მყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთს, ლიტვასა და უნგრეთს ესტუმრა. ახლა ექსპრეზიდენტი დანიაში იმყოფება. 

საქმეები, რომლებზეც პროკურატურა სააკაშვილს ედავება:

  1. ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე. სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილი.
  2. 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე.  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტები.
  3. ვალერი გელაშვილის ცემის საქმე. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი.
  4. პიჯაკების საქმე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი.

კომენტარები