კრიმინალი

განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები ჯ. ბ. და გ.ნ. დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ გ. ნ. ასევე დამნაშავედ ცნო თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში.

"დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხა მოსთხოვეს. თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში მრავლობითი,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ. და გ.ნ. დაეუფლნენ ჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი გოგონა, რომელთანაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ჯ.ბ. და გ.ნ. 29 ნოემბერს დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისინი სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად ჯ.ბ.-ს 20 წლით, ხოლო გ.ნ.- ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები