ხანძარი

ნიკა რურუა: ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს

რუსთავი 2

"ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს", - ამბობს მთაწმინდაზე მისული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა. რურუა არ აკონკრეტებს თუ ვის აწყობდა აღნიშნული ტერიტორიის დაწვა.

ენმ-ის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სათანადოდ ეხელმძღვანელა მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესისთვის:

"ხელისუფლების წარმომადგენლები ფუნიკულიორის ვერანდიდან ადევნებდნენ თვალს თუ რა ხდებოდა რეალურად მთაწმინდაზე, ეს კი იმ დროს, როდესაც საჭირო იყო გადამწყვეტი ზომების მიღება", - რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს უდუმაშვილი.

ამ დროისთვის მთაწმინდის ფერდობზე არსებული ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძროს 70-მდე თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის მცირე კერებს აქრობენ.

თბილისის მერის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვა არ მოხდება, რადგანაც "ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო."

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები.

შსს-ში ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნოვთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები