ე.წ ქართველთა მარში

"გამოძიების ინტერესების გამო", კორკოტაშვილმა სამმართველო უკომენტაროდ დატოვა

geonews.ge

ე.წ ქართველთა მარშის ერთ-ერთმა ორგანიზარტორმა და თათია დოლიძის მიმართ მუქარის ავტორმა გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", კომენტარს ვერ გააკეთებს. 

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, მათთან ერთად, დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამდნენ. შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

ნეოფაშისტური ჯგუფის წევრები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ კომენტარები ფოტოშოპით იყო გაკეთებული და სინამდვილეში მათ ეს არ დაუწერიათ. ამასთან, გია კორკოტაშვილის შვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მამამისს სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და კომენტარები, შესაბამისად, სხვამ დაწერა. გუშინ, კორკოტაშვილმა აღიარა, რომ კომენტარები მას ეკუთვნის, თუმცა, მისი მტკიცებით, ეს მუქარა არ ყოფილა.

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა თათია დოლიძე და მუქარის რამდენიმე ავტორი. გია კორკოტაშვილი პოლიციის სამმართველოში გუშინ იყო დაბარებული, თუმცა, მხოლოდ დღეს გამოცხადდა.

კომენტარები