შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა ერთობლივად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი, რომელსაც შატილის ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, ხეობიდან გამოიყვანეს.
დაკარგული ტურისტები 7 ივლისს შსს-ს თავად დაუკავშირდნენ SOS სიგნალის მეშვეობით. ტურისტების 17-კაციანი ჯგუფიდან 5-მა ადამიანმა ძლიერი წვიმის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
"შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაემართა. რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ვერ მოხერხდა და მაშველებმა დაკარგული ტურისტების ძებნა ქვეითად განაგრძეს.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სამაშველო ღონისძიებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მაშველებმა ტურისტებთან კომუნიკაციის დამყარება და მათი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს,"- წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამჟამად ტურისტები ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად თბილისში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.
შსს-ის ინფორმაციით, დუშეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 4 უცხოელი ტურისტი იპოვეს, რომლებსაც გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ. ამჟამად ისინიც უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
შსს: შატილში დაკარგული 5 დაკარგული ტურისტი ხეობიდან გამოვიყვანეთ
