კელი: მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დეტალურად გამოიძიოს მუხთარლის საქმე

ტაბულა

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის დეტალური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დეტალურად და სრულად გამოიძიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან და ვიცით, რომ ისინი აცნობიერებენ ამ საკითხის სერიოზულობას. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მე ხვალ შევხვდები ჟურნალისტებს და მოვისმენ მათ მოსაზრებებს", - ამბობს იან კელი. [რუსთავი 2-ის თარგმანი].

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების გამო.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები