აფგან მუხთარლის საქმე

შსს-მ აფგან მუხთარლის ოჯახს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა

შს მინისტრის მოადგილე აფგან მუხთარლის ცოლსა და ადვოკატს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლს ლეილა მუსტაფაევასა და მის ადვოკატს ნემად კერიმლის შეხვდა. 

შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ლეილა მუსტაფაევასა და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა. 

დღეს ორთაჭალის პროკურატურამ მუსტაფაევა გამოკითხვაზე დაიბარა. მუსტაფაევამ გამოძიებას უთხრა, რომ მუხთარლი ნიაღვრის ქუჩაზე გაიტაცეს. მუხთარლის ცოლსა და ადვოკატს სურთ, რომ საქმე არა ორთაჭალის პროკურატურამ, არამედ მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. 

ამასთან, ლეილა მუსტაფაევამ პრემიერმინისტრის შეთავაზებაზე, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უარი განაცხადა

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები