თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავდა და ამასთან დაკავშირებით, გერმანელ პარტნიორებს წერილიც კი მიწერა. ინფორმაციას ამის შესახებ, "კურიერი" ავრცელებს.
მაზარი-შარიფის ბაზაზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ამჟამად 1 ასეულია, რომლის შემცირების მოთხოვნითაც, კურიერის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გერმანიას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. კურიერის ინფორმაციით, ბაზაზე ასეულის ოცეულამდე შემცირების მოთხოვნა ლევან იზორიას მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, ნიკოლოზ ჯანჯღავას, ეკუთვნით.
ლელა ჩიქოვანი კურიერთან ინტერვიუსას ადასტურებს, რომ მსგავსი მიმოწერა ნამდვილად იყო, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე კონტრიბუციის შემცირება არ იგეგმება და საუბარი იყო 2019 წელს შესაძლო შემცირებაზე.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწყებს საქართველოს შეიარაღებული მზადყოფნის პროგრამირებას. ეს არის ქართულ-ამერიკული პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საუბარი შეეხებოდა როგორ მოხდეს პოზიციონირება ქართული მხარის ერესემის მისიასა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას შორის. როგორ გავაკეთოთ პროპორციული გადანაწილება.
ჩვენ ვსაუბრობდით ალბათობაზე 2019 წლიდან და არა ამ ეტაპზე და არა 2018 წელს. იმიტომ, რომ ქართულ მხარეს ერესემში მონაწილეობაზე ვალდებულება აღებული აქვს 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გასაგები სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომ ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ახალი კონტრიბუცია განახორციელოს, უნდა ისაუბროს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პარტნიორული თანამონაწილეობით არის ერესემის მისიაში, მათ შორის, გერმანულ მხარესთან. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი მიწერილობა,"- ამბობს ჩიქოვანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იცოდნენ აღნიშნული მიმოწერის შესახებ არც პრემიერმინისტრის აპარატში და არც NATO-ს გენერალური ასამბლეის შტაბში, ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს უწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კითხვები გაჩნდა.
"რაღაც გარკვეული კომუნიკაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია კითხვები. ამ დროისთვის, გაუგებრობა ამოწურულია. ჩვენ, ცხადია, ვიცოდით ამის შესახებ, ამ გაუგებრობის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და ამიტომაც ვამბობ, რომ გაუგებრობა იყო და არა - გადაწყვეტილება,"- ამბობს რაქვიაშვილი.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, ავღანეთში ქართველი სამხედროების რიცხვი შეამციროს

თავდაცვის სამინისტრო




