NATO-საქართველო

კობახიძე: საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს

საქართველოს პარლამენტი

“NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 29 მაისს მიღებული დეკლარაცია უპირობოდ უჭერს მხარს ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიულ არჩევანს - ააშენოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც გახდება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ 26-29 მაისს თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია შეაჯამა და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მიღებული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია პირდაპირ კავშირშია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან. 

„დღევანდელი დეკლარაციის თანახმად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გამოხატავს აღფრთოვანებას საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების უწყვეტი მხარდაჭერით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, მიესალმება საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და ღირსეულ წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დეკლარაციაში ხაზგასმულია საქართველოს თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიის სფეროში, რაც პოზიტიური მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსი მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის დარღვევას და ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ანექსიას, რაც ფართო კონტექსტში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ დეკლარაციის თანახმად, ასამბლეა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესში.

„ასამბლეა მხარს უჭერს მოკავშირეთა პოზიციას, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში, თბილისს 600-მდე სტუმარი ეწვია. 

კომენტარები