ბავშვთა უფლებები

ინსპექტორი: დაუშვებელია ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დროს" ბოლო გადაცემას ეხმაურება, რომელშიც მშობლის ნებართვით ასახულია ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. 

განცხადებაში წერია, რომ როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე ბავშვსაც აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ინსპექტორის თქმით, დაუშვებელია არასრუწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუკი ეს ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს. 

"როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის მედიასაშუალება უნდა მოქმედებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მშობლის თანხმობა.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, ინსპექტორი მოუწოდებს გადაცემას - „ბავშვების დრო“ დაიცვას ბავშვის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა და უზრუნველყოს მისი ინტერესების სათანადო დაცვა," - ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერნეტგადაცემის წინააღმდეგ ბავშვთა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას. გადაცემის Facebook გვერდზე წინასწარ დაანონსდა, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმუალაციითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმდებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინათ ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშად დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. 

გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოწოდებით ასევე მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა გადაცემა მაინც გამოქვეყნდა. გადაცემის წამყვანის თქმით, ვიდეო, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციითაა დაკავებული, მას ბავშვის მშობელმა მიაწოდა. ვიდეოში ბავშვის სახე დაბლარულია.  

უფლებადამცველი ანა აბაშიძის თქმით, გარდა პროკურატურისა, მათ ბავშვის დედის წინააღმდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს.

კომენტარები