ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

საბანაძე: ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა არ არის ევროკავშირის პოზიცია

ნატალია საბანაძე
mfa.gov.ge

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე ამბობს, რომ "ეს იყო ჰერბერტ ზალბერის პირადი რეპლიკა და არ არის ევროკავშირის პოზიცია". საბანაძე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ჰერბერტ ზალბერის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ე.წ არჩევნებში გამარჯვების მილოცვას გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირში. 

„ეს არ იყო განცხადება, ეს არის მისი პირადი რეპლიკა, ეს ეპიზოდი საკმაოდ არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო შემაშფოთებელი და ყველა დიპლომატიური არხით მივიტანეთ ევროკავშირის ყურამდე ჩვენი შეშფოთება. მათი რეაგირება იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია. “ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს დღეს თბილისში ელოდებიან. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვა.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად. ​შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები