საფონდო ბირჟა

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 24 საათში $35 მილიარდი დაკარგა

ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი
Reuters

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ბოლო 24 საათში დაახლოებით $35 მილიარდიანი წაგება ნახეს. გლობალურ ბაზარზე ვარდნა აშშ-ში პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვია. FBI აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევას გამოიძეიბს, ამ სიახლეს გლობალურ ბაზარზე შოკის ეფექტი ჰქონდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის შეფასებით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა აღნიშნულ პერიოდში $1 მილიარდი დაკარგა, გეითსის ქონება ამ დროისთვის $86.8 მილიარდითაა შეფასებული.

Zara-ს დამფუძნებელმა და მსოფლიოს მეორე უმდიდრესმა ადამიანმა, ამანსიო ორტეგამ ამ პერიოდში აქციების გაუფასურების გამო $355 მილიონის წაგება ნახა. მისი ქონება $83.2 მილიარდია.

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კი $1.7 მილიარდი დაკარგა, ამჟამად მისი ქონება $81.9 მილიარდს შეადგენს.

მარკ ზაკერბერგის ზარალი კი $2 მილიარდს აღემატება, პოლიტიკურმა დაძაბულობამ facebook-ის აქციების 3.3%-იანი ვარდნა გამოიწვია. 

გლობალურ ბაზარზე აქციების ვარდნა დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ გავრეცლებულ ინფორმაციას უკავშირდება. 

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მუელერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიების სპეციალურ პროკურორად დაინიშნა. ინფორმაცია აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენსტაინმა გაავრცელა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ რობერტ მუელერი სპეციალურ პროკურორად არის დანიშნული, რომელიც რუსეთის მხრიდან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

რობერტ მუელერი FBI-ს 2001-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. რესპუბლიკელი მუელერი FBI-ს დირექტორად დანიშვნამდე, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, FBI-ის ყოფილი დირექტორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ შესაძლო ჩარევის გამოძიების სპეციალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებული არ იყო. გამოცემის ცნობით, ტრამპმა მუელერის სპეციალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე 25 წუთით ადრე შეიტყო.

კომენტარები