სასამართლო სისტემა

მურუსიძე: რაც მიაჩნია სწორად უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს

ნეტგაზეთი

ლევან მურუსიძე ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის, შესაძლოა, მაია სულხანიშვილთან ერთად, უფლებამოსილების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, უვადო მოსამართლედ დაინიშნოს

"არის კანონი, რომელიც იძახის, რომ მოსამართლე, რომელსაც აქვს სტაჟი და იყო უზენაესი მოსამართლე, არ უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას.

ყველას აქვს უფლება, თავიანთი მოსაზრება გამოხატონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მიაჩნია სწორად უმაღლეს საბჭოს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- ამბობს ლევან მურუსიძე. 

როგორც საბჭოს სხდომებიდან არის ცნობილი, საბჭოს წევრების სრული უმრავლესობა, გარდა ვახტანგ მჭედლიშვილისა, მხარს უჭერს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების ავტომატურად უვადოდ გამწესებას. 

მურუსიძის შესაძლო უვადო მოსამართლედ დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურად ეხმაურებიან. 

"აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას გამოსაცდელი ვადით, რომელსაც აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს დაევალა 2017 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების უმრავლესობასაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, არ ელოდება პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ეს წარმოშობს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო, არსებული შემადგენლობით, ცდილობს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებით უვადოდ დანიშნოს ბატონი ლევან მურუსიძე, რომლის თანამდებობაზე გამწესებამაც 2016 წლის იანვარში ძლიერი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები