გერმანული პრესა: წერილში ტერორისტები ცნობილ ადამიანებზე თავდასხმებს აანონსებენ

AP

გერმანული მედიის ინფორმაციით, დორტმუნდში მომხდარი აფეთქების ადგილზე ნაპოვნი წერილი ამგვარად იწყება - "გულმოწყალე ალაჰის სახელით".

მათი ცნობით, წერილში ნახსენებია, ბერლინში, 2016 წლის დეკემბერში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და გერმანული სამხედრო თვითმფრინავების სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება და მათი მებრზოლების მოკვლა. 

როგორც გერმანული პრესა წერს, წერილში აღნიშნულია, რომ "ამიერიდან სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიასა და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სალიკვიდაციო სიაში იქნებიან".

გარდა ამისა, წერილში ხაზგასმულია, რომ ტერორისტები იმ დრომდე იმოქმედებენ, სანამ გერმანია სირიიდან სამხედრო თვითმრინავებს არ გამოიყვანს და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა Ramstein-ს არ დახურავს".

აღსანიშნავია, რომ გერმანული პოლიცია წერილის ავთენტურობას ამ დრომდე არ ადასტურებს.

გუშინ, დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსია ავტობუსთან 3 მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. გარდა ამისა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მეოთხე მოწყობილობაც იპოვა.

აფეთქების შედეგად, მსუბუქად დაშავდა ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

კომენტარები