მოწევის აკრძალვა

ბოკერია: ერთადერთი გზა, ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს, ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლაა

ტაბულა

"არავინ დაობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, ერთადერთი გზა, რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, მათ შორის, ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს, არის ქვეყნის სიღარიბიდან გამოსვლა და გამდიდრება და არა ასეთი დრაკონული რეჟიმები,"- ასეთია საპარლამენტო უმცირესობის, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს პოზიცია თამბაქოს ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ, მოძრაობის წევრმა, გიგა ბოკერიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორი არაკომპეტენტური და, რაც მთავარია, რეალობისგან მოწყვეტილია ივანიშვილის გუნდი. მათ ახლა ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს საქართველოში. ასეთი დრაკონული წესები ევროკავშირის ზოგ ქვეყანაშიც არ არის. ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება უგულებელყოფილი, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და, ყველა შემთხვევაში, დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს და ეს აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე. დაკარგავენ შემოსავალს და შესაძლოა, დაკარგონ სამსახურიც," - ამბობს ბოკერია. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებითვე, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან - აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას - 5 000 ლარით დაჯარიმდება.

თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტით, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს.

კომენტარები