ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

BBC News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ. თბილისში, ზ.გ.-მ თავის ყოფილ ცოლს მისსავე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თავში მინის ჭიქა ჩაარტყა.

"დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ზ.გ. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისში დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა" - აცხადებს პროკურატურა.

ამასთან, საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ბრალდებული დაკავებამდე, 2016 წლის 20 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა და დაუნიშნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დანიშნული სასჯელი და  ზ.გ.-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით" - განმარტავს პროკურატურა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს, ოჯახური ძალადობის შემთხვევები 393 ფაქტით გაიზარდა.

კომენტარები