საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.ო დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ", მეორე ნაწილის "ბ", "ე" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა - ა.ო.-მ, ე.ა-მ და ვ.გ.-მ სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს. აღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ე.შ გაგუდეს, ხოლო ასევე მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას ე.ა-ს და მის შვილიშვილს ს.გ-ს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს ყელი გამოჭრეს", - წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ა.ო, ე.ა და ვ.გ 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.ო-ს სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ო-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა", - წერია უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ აზადა ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს, მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ე.ა-სა და ვ.გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება.





