იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო: თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა

facebook.com/KvirikashviliOfficial

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და მის მოვალეობას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, იგი იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა საფრანგეთში, ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილი 3 კანდიდატიდან არცერთი არ დაამტკიცეს.

"ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში", - წერია განცხადებაში.

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა და საქმიანობას იმავე წლის 25 ოქტომბერს შეუდგა.

 

კომენტარები