საქართველოს მთავრობა

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

frontnews.ge

დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა ე.წ. ტრაქტორების საქმის გამო დატოვა. 2013 წლის მაისში, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. საქმე სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას, სამსახურებრივ გულგრილობასა და ექსპერტებზე ზეწოლის გამოძიებას ეხებოდა.

2014 წლის თებერვალში, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა. პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს, ბრალი მოუხსნა. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არაერთ გამოსვლაში აცხადებდა, რომ დავით კირვალიძე მისი ფავორიტი მინისტრი იყო. ამასთან, ივანიშვილი კირვალიძის გადადგომის მაგალითს იშველიებდა იმის დასამტკიცებლად, რომ "არავინ არ დავინდეთ". მისი თქმით, "ეს არის კარგი მაგალითი იმის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას ნებისმიერ დარღვევასთან: რომ მინისტრზე თუა ეჭვი და კირვალიძე მოიქცა ძალიან კულტურულად მაშინ".

კომენტარები