აქცია ბათუმში

კობახიძე: ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ჩანდა მკაფიო ნიშნები, რომ "კონკრეტული პოლიტიკური ძალა" გუშინ განვითარებული მოვლენების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "მომხდარი გამოძიების საგანი უნდა გახდეს და პასუხისმგებელი მხარე ამის შემდეგ გაირკვეს".

"იყო გარკვეული მკაფიო ნიშნები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობდა, ეს ვანდალური აქტი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სოლიდარობა გამოუცხადა ასეთი სახით მოქმედ ადამიანებს. ეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვის ნიშნებს. კიდევ ერთხელ, ეს უნდა იყოს გამოძიების საგანი და გამოძიების საფუძველზე უნდა გაირკვეს თუ ვის რა იურიდიული და ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმეში",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.

"არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აწყობთ დესტაბილიზაცია, თუმცა ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი აქტები საქართველოში. ჩვენ არ დავშვებთ დესტაბილიზაციას და არ დავუშვებთ არავითარ აქტს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის არევას. ამაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ამის ყველა რესურსი აქვს ჩვენს ხელისუფლებას", - თქვა კობახიძემ.

ამასთან, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მდგომარეობის ესკალაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები