აქცია ბათუმში

მდინარაძე: ენმ-ს სურს, რომ საქართველომ ადგილი ვერ დაიმკვიდროს ევროპულ სამყაროში

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "მდგომარეობის ესკალაციას ცდილობდა"

"ჩვენ გუშინ ვხედავდით, როგორ მოუწოდებდნენ ე.წ. სოლიდარობისკენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ამას თავის სახელი უნდა დაერქვას ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. ისინი ცდილობდნენ, რომ ის ესკალაცია რაც ხდებოდა ბათუმის ქუჩებში, გადაზრდილიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ესკალაციაში. ამისი მიზეზი არის ნაციონალური მოძრაობის გამუდმებული ზრახვები, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადგილი ვერ დაიმკვიდროს რეალურად ევროპულ სამყაროში, რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება განიცადოს რღვევა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ამ არეულობის მომენტებში გამოიჩინონ თავი და ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი... სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აბსოლუტურად ადეკვატურ მოქმედებებს, იმაზე რაც ხდებოდა გუშინ ბათუმის ქუჩებში", - თქვა დეპუტატმა.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში დღეს დაგეგმილ აქციას აღარ ჩაატარებს. "ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაცრად და ემიჯნება იმ ვანდალიზმს, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. აქვე საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს მოვლენები გადააბრალოს ნაციონალურ მოძრაობას" ,- თქვეს პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

დღეს ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები