რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის საქმის განხილვის პარალელურად უზენაესთან აქცია იმართება

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2 დღეიდან უზენაეს სასამართლოსთან, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, პერმანენტულ აქციებს იწყებს და მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

როგორც ცნობილია, დღეს განიხილება მესამე ინსტანციაში ტელეკომპანიის საქმე. დიდი პალატის მოსამართლეები უკვე მივიდნენ სასამართლოში და სავარაუდოა, რომ საქმის არსებითი განხილვა უკვე მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება, მხარეებს არ აქვთ ინფორმაცია განხილვის ზუსტ დროსთან დაკავშირებით.

დიდი პალატის შემადგენლობაში არიან: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

რუსთავი 2-ის მხარემ ნინო გვენეტაძისა და მზია თოდუას, ხოლო ქიბარ ხალვაშის მხარემ ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის აცილება მოითხოვეს. აცილების საკითხი ასევე დღეს უნდა განიხილონ.

უზენაეს სასამართლოსთან აქციის მონაწილეების გარდა, სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ისინი არა მხოლოდ ზუბალაშვილების ქუჩაზე დგანან, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც.

შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე გახდეს ცნობილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ მისცემენ ხელისუფლებას საშუალებას, შეცვალონ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას, ქვეყნის მასშტაბით, არ ექვემდებარება.

კომენტარები