რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება არამხოლოდ რუსთავი ორის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში.
"ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი თუ დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ სასამართლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც - როგორც სასამართლო სისტემის, ისე პერსონალურად ყველა მოსამართლე გადაწყვეტს საკუთარ ბედს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებას და ნებისმიერი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, იქნება უკანონო, ყოველი მათგანი ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ და კარიერულ თვითლიკვიდაციას, ეს იქნება პროფესიული და კარიერული სუიციდი, ისინი ვერასდროს ვერ გააგრძელებენ პროფესიულ და კარიერულ წინსვლას ამ ქვეყანაში, ისინი დამარხავენ არამხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და სიტყვის თავისუფლებას, არამედ, პროფესიული თვალსაზრისითაც, მოაწერენ მადისკრედიტირებელ გადაწყვეტილებას ხელს. ნებისმიერი ვითარება, როდესაც ქვეყანაში არ იქნება ოლიგარქიული ავტოკრატია, დაასრულებს მათ კარიერასაც და მათ პროფესიულ არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, მუდმივი არის პროფესიული ღირსება და სინდისი" - განაცხადა გვარამიამ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდა, გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი პროფესიული ღირსების, სინდისის, შინაგანი რწმენის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
"რუსთავი ორი მზად არის ნებისმიერი განვითარებისთვის, მათ შორის, დამარცხებისთვის ამ უკანონო და უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ხელისუფლებასთან და ერთ კონკრეტულ ადამიანთან, ოლიგარქთან, რომელიც თამაშობს ადამიანების ბედით, დემოკრატიით და ქვეყნის მომავლით.
რუსთავი ორი აგრძელებს მაუწყებლობას, ჩვენ ვაანონსებთ საპოტესტო აქციას უზენაეს სასამართლოსთან. პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე, ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს" - განაცხადა გვარამიამ.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი ორის საქმეს ხვალ, 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. რუსთავი 2-ის მხარე ნინო გვენეტაძის და მზია თოდუას აცილებას ითხოვს, ხოლო ქიბარ ხალვაშის მხარე - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. მათ გარდა, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან მოსამართლეები ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ (ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობით) რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას 22 ნოემბერს გადასცა.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.
დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით.
დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.
უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავდა.
რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.





