თბილისის აეროპორტი

გახარია: ტავ ჯორჯიასთან არსებული ძველი კონტრაქტი კაბალური იყო

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ კომპანია ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტის ძველი პირობები კაბალური იყო. გახარია ამბობს, რომ ძველი კონტრაქტის მეშვეობით ტავ ჯორჯიას მგზავრთა მომსახურების ტარიფის გაზრდა ყოველწლიურად $2 დოლარით შეეძლო, კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით კი მომსახურების ტარიფის ზრდა 10 წელიწადში 2-ჯერ იქნება შესაძლებელი. გახარიას თქმით, კონტრაქტის ცვლილებით ავიაკომპანიები დარჩებიან მოგებული.

"კონტრაქტის ძველ ვარიანტში "ტავ ჯორჯიას" უფლება ჰქონდა, ფასები გაეზარდა ყოველ წელს $2 დოლარით. დღეს ახალი კონტრაქტის პირობებში ეს უფლება ჩაკეტილია მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ ფასების გაზრდით ორ-ორი დოლარით. შესაბამისად, ფასები შესაძლებელია 20-დან 24-მდე გაიზარდოს. მე გეუბნებით და გპირდებით, ამას სერიოზული ასახვა ბილეთის ტარიფებზე არ ექნება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პოზიტიური ცვლილებაა ძველ კონტრაქტთან შედარებით. სამინისტრომ მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმ შედეგს, რომ დარჩენილ 10 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ 2-ჯერ გაიზარდოს ფასი. ჩვენ გვქონდა ბიზნესთან შეხვედრა, როცა ამ კონტრაქტზე ვმუშაობდით და ზუსტად ამ ავიაკომპანიებმა კონტრაქტში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიაღწიეს ყველაზე მეტ სარგებელს. ამ კონტრაქტის პირველი ვარიანტი იყო კაბალური", - ამბობს გახარია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავთა მომსახურების საკომისიოს $2 დოლარით ზრდის, მარტიდან მომსახურების საკომისიო $24 გახდება. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ნებისმიერი რეისის ბილეთის ღირებულებაში მოსაკრებლის საკომისიოც არის გათვალისწინებული, მისმა ზრდამ კი შესაძლოა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთების ღირებულების მცირე ზრდაც გამოიწვიოს.

2016 წელს თბილისის აეროპორტი დაახლოებით 2 მილიონ მგზავრს მოემსახურა, $22-იანი საკომისიოს პირობებში აეროპორტის შემოსავალმა დაახლოებით $44 მილიონი შეადგინა.

კომენტარები