რუსთავი 2-ის საქმე

საყვარელიძე: შევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იკადრებდა

primetimenews.ge

რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საქმიანობაში ჩარევას მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე უარყოფს. 

"პროკურორმა უზუსტობა დაუშვა. ამ წერილების მშვილდისრით გატყორცნას ვაპირებდი, შემდეგ მტრედებს გავატანე, რომ მალე მიეტანათ. ეს უნდა დაემატებინათ და ალბათ სრული სურათი დაიხატებოდა. 

ძალიან გული მწყდება, რომ პროკურატურაში აღარ დარჩა არც კომპეტენტური და არც თავმოყვარე ადამიანი. აქ ვგულისხმობ პროკურატურის ყველა ხელმძღვანელ პირს, რომლებიც კარგად მიცნობენ. უნამუსობას რომ თავი დაანებო, სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ახლა ისინი აკეთებენ. ამას ჰქვია მასალების და მტკიცებულებების გაყალბება. ეს მუხლი უნდა გააქტიურდეს, რომ ეს ინსტიტუტები ერთხელ და სამუდამოდ არ იყოს მართული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. 

მე პირადად არავის არ დავუკითხივარ. სატელევიზიო კომუნიკაცია აქვს ჩემთან პროკურატურას. შევარდნაძის დროინდელი უშიშროება და პროკურატურა ამას არ იკადრებდა. ეს არის უნამუსობა, არაკაცობა და სისხლის სამართლის დანაშაული", - თქვა საყვარელიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

პროკურატურამ დღეს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება. წერილების ავტორად, რომლებიც მოსამართლეებმა მიიღეს, დ. საყვარელიძეა მითითებული.

კომენტარები