უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს შეხვდა. მურუსიძის თქმით, გვენეტაძემ მას უთხრა, რომ ზეწოლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.
"სამწუხაროა, ჩემთვის, ფაქტობრივად, ახლა გახდა ცნობილი, რეალურად რა შემთხვევას ჰქონდა ადგილი. არც მოსამართლეებს არ მოუმართავს ჩემთვის ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაღალჩინოსნის სახელით მოუვიდათ აღნიშნულ მოსამართლეებს წერილები, ასევე იყო სატელეფონო შეტყობინება, რომელიც ამ მოსამართლეებმა მიიტანეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთან და შემდეგ გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში", - თქვა მურუსიძემ.
ამ წუთებში უმაღლეს საბჭოში სხდომა იწყება, რომელზეც შესაძლოა, ამ თემაზეც იმსჯელონ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს კოლეგიაში განიხილავდნენ და შემდგომ საქმე დიდ პალატას გადასცეს, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას 14 იანვარს მიმართეს. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მოსამართლეებს წერილები და ტექსტური შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით მიუვიდათ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ მოსამართლეებს საჩივრის შინაარსი ზეწოლით შეაცვლევინეს და სუბიექტად არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაასახელებინეს.





