ვიზალიბერალიზაცია

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

amazonaws.com

553 მომხრე და 66 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

დღევანდელ პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტარები სიტყვით გამოვიდნენ. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტარ დიმიტრის ავრამოპოლუსის თქმით კი, "როდესაც პირველად ვესტუმრე საქართველოს როგორც ევროკომისარი, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რადგან ძალიან ევროკავშირის ბევრი დროშა დავინახე ქუჩებში". 

რამდენიმე ევროპარლამენტარმა საქართველო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლას მხარს არ დაუჭერდა. გერმანიის წარმომადგენელმა ვიქი მაიამ თქვა, რომ "საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით უფრო მეტი ორგანიზებული დანაშაული მოხდება". დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელიც წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ბრექსითის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მასობრივი იმიგრაცია იყო. მან აღნიშნა, რომ მიგრაციის მეტად ზრდამ შესაძლოა, ევროპული გაერთიანებიდან მეტი ქვეყნის გასვლა გამოიწვიოს.

რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითვალისწინებს, ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა 2 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი 2016 წლის დეკემბერში შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის.

დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებას ხელს მოაწერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, რის შემდეგაც, რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ ევროკავშირის 26 წევრ და ოთხ არაწევრ ქვეყანაში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანასთან (დიდი ბრიტანეთი და ირლანდია). 

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეს, ვიზის გარეშე იმოგზაუროს 90 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მან უნდა დატოვოს შენგენის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია იყოს ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულების, ბიზნესშეხვედრების, სასწავლო და გაცვლითი პროგრამების/ტრენინგის, კურსების, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის, მკურნალობისა და სხვა მიზნებით.

მოგზაურობისთვის აუცილებელია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მოითხოვს სხვადასხვა დოკუმენტს, ისევე, როგორც ამას ითხოვენ საელჩოებში. შესაძლო დოკუმენტების სრული ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და მოქალაქეს დააბრუნებენ საქართველოში. ამასთან, მას შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით.

კომენტარები