საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობს, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ცვლილებას ემხრობა მმართველი გუნდის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი პარტიის ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
"პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრე ვიქნები. ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, როგორც მმართველ გუნდში, ასევე საზოგადოებაში. თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ რომელიმე ქვეყნის ანალოგი ან მიმსგავსებული ანალოგი, რომ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და გვქონდეს საკონსტიტუციო რეფორმა. თუ გადავალთ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე, უნდა შეიქმნას გარანტიები იმისა, რომ ეს არ გამოიწვევს კრიზისსა და გაურკვევლობებს", - ამბობს მდინარაძე.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ სწორედ ამ სისტემის დამსახურებით მიიღო ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ, როცა "ქართველ ხალხს ამის მანდატი არ მიუცია".
"სწორედ მაჟორიტარულმა კომპონენტმა უზრუნველყო ის, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა ისე, რომ ამის მანდატი ქართველ ხალხს არ მიუცია. დღევანდელი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიამ პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე პროცენტულად მიიღო ხმები არჩევნებზე. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს. უნდა გადავიდეთ უფრო სამართლიან სისტემაზე, როდესაც, რამდენ პროცენტსაც მიიღებს პარტია, ადგილების იმდენი პროცენტი ექნება ექნება პარლამენტში. ეს იქნება ქართველი ხალხის ნების ზუსტი ასახვა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა არასამთავრობოების უმრავლესობა.
"საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც უდგას ქვეყანას, არსებული საარჩევნო სისტემაა. 2015 წელს მიღწეულ იქნა კონკრეტული კონსენსუსი 14 პოლიტიკურ პარტიასა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე ექსპერტებს შორის, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. ვემხრობით სისტემას, რომლის მიხედვითახ 75 მანდატი ერთიანი პროპორციული, ხოლო დანარჩენი 75 მანდატი რეგიონულ-პროპორციული გადანაწილებით აირჩევა", - ამბობს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
რეგიონულ-პროპორციულ სისტემას ემხრობიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც, მათ შორის, თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული პარტიაც.
ამასთან, საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრეა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ქართული ოცნების თავდაპირველი დაპირებით, საარჩევნო სისტემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა შეცვლილიყო, თუმცა, შემდგომ სისტემის ცვლილება 2020 წლისთვის გადადეს.
ამასთან, საკონსტიტუციო კომისიამ დღეს ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების შესახებ იმსჯელა, თუმცა, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.





