აშშ-მექსიკა

მექსიკის პრეზიდენტი: მექსიკა კედლის მშენებლობის საფასურს არ გადაიხდის

Getty Images

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ განაცხადა, რომ მექსიკა აშშ-ის საზღვართან კედლის მშენებლობის საფასურის გადახდას არ აპირებს.

"ამ დრომდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ მექსიკა არანაირი კედლის მშენებლობის საფასურის გადახდას არ აპირებს", - თქვა პენია ნიეტომ.

პენია ნიეტოს თქმით, ის დამწუხრებულია კედლის მშენებლობის გეგმით, თუმცა "მექსიკას კედლების არ სჯერა".

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, ის 31 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპს მაინც შეხვდება.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ისა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებას ითვალისწინებს. რაც მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

კამპანიის დასაწყისში ტრამპი ამბობდა, რომ კედლის საფასურს მექსიკა გადაიხდიდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ პროექტის დასაჩქარებლად, ის აშშ-ის ფულით დაიწყებოდა.

ABC News-თან ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ამ ხარჯებს მექსიკის მთავრობა აუნაზღაურებს.

პროექტი აშშ-ს ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდება და გადაწყვეტილებას კონგრესის თანხმობაც ესაჭიროება.

კომენტარები