სტრასბურგის სასამართლო

ომბუდსმენი: წულუკიანმა ან დამადასტურებელი ფაქტი წარმოადგინოს ან ბოდიში მოიხადოს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრალდებას ცილისწამებად აფასებს. ის მოუწოდებს წულუკიანს, წარმოადგინოს თავისი განცხადების დამადასტურებელი საბუთი ან ბოდიში მოიხადოს. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩაგდებას საქართველოს ბევრ მოქალაქეს და ოფიციალურ პირს, მათ შორის, ომბუდსმენს აბრალებს.

"ეს არის ცილისწამება, ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი, ასევე დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ სიის წინააღმდეგ. სახალხო დამცველმა მანამდე არაერთხელ აღნიშნა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ამ პროცესში არსებობდა, საუბარია სწორედ მოსამართლების შერჩევის პროცესზე. მათ შორის, ჩვენთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მოხდა თუნდაც ერთი კანდიდატურის ჩანაცვლება მეორით, როცა უფრო მაღალი შეფასების მქონე კანდიდატი რეალურად არ შეფასდა და მის ნაცვლად დაბალი შეფასების მქონე კანდიდატი იქნა წარდგენილი. კითხვის ნიშნები არაერთხელ დაისვა, თუმცა პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ" - ამბობს უჩა ნანუაშვილი და აღნიშნავს, რომ მისთვის იუსტიციის მინისტრის შეფასება "შეურაცხმყოფელი და გაუგებარია".

"ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვაზე - ან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი ან ბოდიში უნდა მოიხადოს" - თქვა ომბუდსმენმა.

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.

საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. შემდეგ კი, ნანა მჭედლიძე ევა გოცირიძით ჩაანაცვლა.

საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩეულ კანდიდატებს ნდობას არ უცხადებდნენ. 

კომენტარები