კონკურენციის სააგენტო

ნოდარ ხადურის ბრძანებით, Booking.com-ის საქმიანობაზე მოკვლევა არ დაიწყო

ნოდარ ხადური
ტაბულა

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის ბრძანებით, სააგენტომ Booking.com-ის საქმიანობის შესახებ მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა. საქმე ააიპ "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის" განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, Booking.com-სა და სასტუმროებს შორის გაფორმებული კონტრაქტები კონკურენციის კანონმდებლობას არღვევდა. სააგენტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე Booking.com-სა და სასტუმროებს შორის გაფორმებული კონტრაქტები შეისწავლა.

განცხადება Booking.com-ის მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, კერძოდ - ხელშეკრულებაში არსებული ე.წ. MFN პირობების შეუთავსებლობას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.

"სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას Booking.com-ის სახელშეკრულებო პირობებით საქართველოს ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. სააგენტოს მიერ გამოკითხული ეკონომიკური აგენტებისაგან არც ერთს გამოუთქვამს უკმაყოფილება Booking.com-ის საქმიანობასთან მიმართებით; პირიქით, მათი უმრავლესობა Booking.com-ს საკუთარი მომსახურების საჯაროდ შეთავაზების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს და ქართული ტურისტული ბიზნესის განვითარებაში აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ Booking.com-მა სამართალდარღვევის არსებობა კატეგორიულად უარყო, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული სავალდებულო პირობები საქართველოს ტერიტორიაზეც ნებაყოფლობით გაავრცელოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე Booking.com-ი ოპერირებას იმ პირობებით გააგრძელებს, რომლებიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების მიერ დადგენილი და აპრობირებულია", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

თუმცა, კონკურენციის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ბაზრის მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.

კომენტარები