ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია მელიას: არ შეიძლება წარმოადგენდე ადამიანებს, რომლებსაც გარიგებულებს ეძახი

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ტაბულასთან საუბრისას დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შეაფასა. როგორც ხოშტარიამ ტაბულას უთხრა, ნიკა მელიას და "სააკაშვილის მართულ გუნდს" პარტიის გახლეჩა სურთ.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი ნიკა მელიამ და ეს ყველას კარგად გვესმის, რომ არის მიხეილ სააკაშვილის მართული გუნდი. მათ ძალიან კარგად აჩვენეს, რომ უბრალოდ ხლეჩენ პარტიას, არაფერს არ ერიდებიან - შეურაცხყოფებს, ტყუილებს, თავდასხმებს თავის თანაპარტიელებზე... დღეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ნიკა მელია ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც შედიან ფრაქციაში და სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელსაც ცხადია, განვიხილავთ. არ შეიძლება, შენ წარმოადგენდე ადამიანებს, რომლებსაც მიუვარდები, რომლებსაც ეძახი მერკანტილურებს, ეძახი გარიგებულებს და ა.შ.", - თქვა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ისინი პარტიის ერთიანობაზე არ ფიქრობენ და "შოუებს აწყობენ ფრაქციაში". "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, ნიკა მელია ნამდვილად არ წარმოადგენს ფრაქციას, ჩვენ გავითვალისწინეთ გიგი უგულავას თხოვნა და ფრაქციის სხდომა გადაიდო. ისევ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ არც ერთიანობა, არც გიგი უგულავას მიერ ერთიანობის შენარჩუნების მცდელობა, არანაირი სტანდარტი მათთვის არ არსებობს და უბრალოდ შოუებს აწყობენ ფრაქციაში".

ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომლის გადაყენების საკითხი დღეს უნდა განხილულიყო და გადაიდო, სერგო რატიანს უთხრა, რომ მას "ბავშვი არ უჯერებს ისე, როგორც ის ბოკერიას". ამას პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"პარტიიდან გარბიხართ, ნაციონალური მოძრაობიდან გარბიხართ. შენ, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი... ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ ბოკერიას უჯერებ", - უთხრა ნიკა მელიამ რატიანს.

ფრაქციის ოთახში რატიანთან და მელიასთან ერთად აკაკი ბობოხიძე და ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდნენ. ხოშტარიას თქმით, ნიკა მელია პარტიაში შოუს აწყობს, ბობოხიძემ კი ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებს სპექტაკლი უწოდა. მისი თქმით, მელიას პარტიის შექმნაში "ოფლი არ აქვს დაღვრილი".

"ბოლომდე ვიბრძოლებ, ნიკა, მანამდე, რომ შენ, რომელსაც ოფლი არ გაქვს დაღვრილი ნაციონალური მოძრაობის შექმნაში... მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეს პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი ჩაგვიქცევია და სისხლი, ვერ დაგიტოვებთ ამას", - უთხრა ბობოხიძემ მელიას.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები ჰქონდა გიგი უგულავას და მიუხედავად ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტებისა, საკითხის განხილვა დღეს არ მოხდება.

კომენტარები