ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბეჟაშვილი: მე და ჩემმა სხვა კოლეგებმა მხარი დავუჭირეთ პარლამენტში შესვლას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი სერგო რატიანის მიერ ცესკო-ში შეტანილ წერილს აფასებს. ბეჟშვილის თქმით, მან და მისმა რამდენიმე კოლეგამ პარლამენტში შესვლას მხარი დაუჭირეს.

"დოკუმენტი, რომ პარტიული სიიდან ამოღებული იყვნენ ის წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პარლამენტში შესვლას, არის კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი. მაქვს პოლიტსაბჭოს შესაბამისი ოქმი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მე და ჩემმა ბევრმა სხვა კოლეგამ მხარი დავუჭირეთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ, ეს არის მორიგი ტყუილი",- თქვა ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ლევან ბეჟშვილი ასევე ამბობს, რომ საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის თაობაზე გამოთქმულ არგუმენტებში პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები იკითხება.

"რაც შეეხება საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე გამოთქმულ არგუმენტს, ბუნებრივია, აქ უკვე იკითხება პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები იმიტომ, რომ მცირე ჯგუფი, რომელიც დღეს პარტიის მმართველობაშია და აბსოლუტურად არ გამოხატავს ჩვენი პარტიის მრავალათასიან მხარდამჭერთა პოლიტიკურ ნებას, ატყობს რა, რომ ყრილობა შეიძლება მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდეს, ყველანაირად ცდილობს, საბოტაჟით, პროცედურული ომით, მსგავსი პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტებით, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ გამოიყენოს ასეთი უღირსი ქმედებები", - თქვა ბეჟაშვილმა.

ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა, ცესკო-ს წერილით მიმართა და საარჩევნო სიიდან იმ ადამიანების ამოღება მოითხოვა, რომლებმაც რატიანის თქმით, ყრილობის საორგანიზაციო, თვითგამოცხადებული ექვსეული შექმნეს, რითიც ნაციონალური მოძრაობის მმართველი ორგანო, პოლიტსაბჭო, გააუქმეს. სერგო რატიანის ცნობით, სიიდან ამოღებული არიან ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დათო კირკიტაძე და ნუგზარ წიკლაური.

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები