საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაღლაფერიძე: ჩემს წარსულში არაფერია საჩოთირო

ვასილ მაღლაფერიძე
მეცხრე არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მოსაზრებით, მის პოლიტიკურ წარსულში "არაფერი საჩოთირო არაა".

"კიდეც ველოდი, კიდეც არ ველოდი, ჩვეულებრივი კონკურსი იყო. ამბობენ, რომ პოლიტიკური წარსული მქონდა, თითქოს პოლიტიკური დანაშაული მქონდეს ჩადენილი. ყველა ადამიანს აქვს წარსული. ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ არის იქ რაიმე სამარცხვინო ან საჩოთირო, ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის ჩემს საქციელში საჩოთირო", - თქვა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ მაუწყებელში გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება.

"საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ კოლექტივს. მას აქვს ყველაზე დიდი ინტელექტუალური რესურსი და ჩემი ძირითადი საყრდენი იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, თუმცა, რაღაც ცვლილებები, ბუნებრივია, მოხდება", - თქვა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო, 2012 წელს ასევე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი მეცხრე არხის დირექტორის მოადგილე იყო, ამავე არხზე მას მიჰყავდა გადაცემა "კონსილიუმი". მაღლაფერიძე იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და გუბერნატორი, აგრეთვე იყო სხვადასხვა ჟურნალისა თუ გაზეთის რედაქტორი.

მაღლაფერიძეს კონკურსის მეორე ტურში სამეურვეო საბჭოს 6 წევრის ხმა ერგო.

კომენტარები