ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: მელია თავისივე თანამებრძოლებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ელენე ხოშტარია ნიკა მელიას განცხადებებს ეხმაურება. ხოშტარიას თქმით, დღეს მელია "თავისივე თანამებრძოლებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო".

"ადამიანისგან, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, იმაზე, რომ ასეთი პროცესით ვერ მოხდება ყრილობის ორგანიზება, ვერ იქნება სამართლიანი და ლეგიტიმური, დღეს სამწუხაროდ თავის თანამებრძოლებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო, ფაქტობრივად, თავისივე თავმჯდომარეებზე, რომლებსაც ეძახის პატარა, ახირებულების, მერკანტილურ ჯგუფს. სამწუხაროდ, ეს არის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე. რამაც ასე დაასუსტა ჩვენი პარტია. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანა არის მთავარი - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა. ამ ამოცანას ვერაფრით ვერ მოგვწყვეტს ასეთი ტიპის ბინძური კამპანიები და შეურაცხყოფები. შენივე თავმჯდომარეებს ბრიფინგებით რომ ელაპარაკები და ორ დღეში პოზიციას იცვლი, ასეთი ტიპის ბრძოლით ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ", - ამბობს ხოშტარია და აღნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ "კინკლაობასა და სიბინძურეში" შეყვნენ ამ გუნდს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარტიის მეორე ჯგუფის განცხადებას, რომ დადგეგმილი ყრილობის ლეგიტიმურად ჩატარება შეუძლებელი ხდება. მელიამ თანაპარტიელებს "მერკანტილური ამბიციების ვიწრო ჯგუფი" უწოდა და თქვა, რომ ისინი პარტიის დემოკრატიულ განვითარებას "კლავენ".

კომენტარები