2016

2016 წლის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა

theluxechronicles.com

BREXIT

ფოტო: amazonaws.com

2016 წლის 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ისტორიულ რეფერენდუმში მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა - დარჩენას. დიდი ბრიტანეთი 43 წელია, ევროკავშირის წევრია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა


ფოტო: Reuters

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მეხუთე პრეზიდენტი იქნება, ვინც არა ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით, არამედ 538 კაცისგან შემდგარ საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. არჩევნებში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე დაახლოებით 3 მილიონი ამომრჩევლით მეტი ხმა მიიღო, მაგრამ წააგო. ამის მიზეზი საარჩევნო კოლეგიაში ხმათა გადანაწილებაა, რომელშიც ტრამპმა 306 ხმა, ჰილარი კლინტონმა კი, 232 ხმა მიიღო. ტრამპს გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა. 

სირიის კრიზისი


ფოტო: Reuters

სირიაში კრიზისი მეხუთე წელია, გრძელდება. თუმცა მდგომარეობა უკანასკნელ კვირაში გამძაფრდა, როდესაც სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციისა და ირანის დახმარებით, ალეპოს დაბრუნების ოპერაცია გაააქტიურეს. დღეს სირია ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას, გაეროს პრესსპიკერის თქმით, ალეპოში ჰუმანურობა საერთოდ გამქრალია. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სამთავრობო ძალები ამ ეტაპზე ქალაქის 95%-ს აკონტროლებენ.

ტერაქტები

ფოტო: newyorker.com

თურქეთის ტერაქტი

2016 წლის 17 თებერვალს თურქეთის გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებით დატვირთულ ავტობუსთან აფეთქება მოხდა. აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა. მორიგი ტერაქტი ანკარაში 13 მარტს მოხდა, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო. ერთი კვირის შემდეგ, სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ისთიქლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრიუსელის ტერაქტი

2016 წლის 22 მარტს ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, აეროპორტისა და მეტროსადგურის ტერაქტებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა. ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო და გაფრთხილებაც გაავრცელა, რომ ტერაქტები გაგრძელდება.

ორლანდოს ტერაქტი

2016 წლის 13 ივნისს ფლორიდის შტატ ორლანდოში მდებარე გეიკლუბ "პულსში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ტერაქტი ნიცაში

2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დღეს, ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა, იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ. სატვირთო მანქანის მძღოლი მუჰამედ ბოულელი პოლიციამ ადგილზე მოკლა. ტერაქტს 86 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობა

ფოტო: abc.net.au

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ორდერიც გასცა. თავად გიულენი კი, ბრალდებას უარყოფს. მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის - 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში, მთავრობის ბრძანებით 3 საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 45 გაზეთი, 15 ჟურნალი და 29 გამომცემლობა დახურეს.

ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარი აიღო

ფოტო: popsugar-assets.com

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოებაზე, 22 წლის ლოდინის შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიოს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადასცა. 1994 წელს დიკაპრიოს პირველი ნომინაცია "საუკეთესო შესრულება მეორეხარისხოვან როლში" იყო, ფილმში "რა აწუხებს გილბერტ გრეიფს".

სუპერ მთვარე

სუპერ მთვარე ფოტო: Zoran Milich / Reuters

2016 წლის 14 ნოემბერს მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდა. სუპერმთვარის დროს სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს არის. უკანასკნელად ეს 1948 წელს მოხდა, ხოლო მომდევნო, NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში იქნება.

პირველად ისტორიაში, პორტუგალიამ UEFA-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო

ფოტო: guim.co.uk

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი არსებობის მანძილზე პირველად მოიგო. ფერნანდო სანტუშის ფეხბურთელებმა ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.

2016 წლის ზაფხულის რიოს ოლიმპიადა

ფოტო: www.olympic.org

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 წელს რიო დე ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართა. საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Pokemon Go

ფოტო: pokemongo.com

Pokemon Go თამაშია, რომელიც სხვადასხვა ლოკაციიდან პოკემონების შეგროვებას გულისხმობს. თამაშმა მსოფლიოში პოპულარობითა და დღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვით Facebook-ს,Twitter-სა და პორნოსაიტებს გადააჭარბა.

კომენტარები