თელავის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელი ტურისტის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ ჭინჭარაშვილს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიხეილ ჭინჭარაშვილი 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ ტურისტს, აშშ-ის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა.
"დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.





