ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: მადლობა ყველას, ვინც არ დაუშვა ჩემი დისტანცირება

112.ua

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ენმ-ის პოლიტსაბჭომ დღეს, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, განსაზღვრა, რომ პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მინიმუმ 7 000 დელეგატი მიიღებს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი - მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას. ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატლანტიკური კურსის დასაცავად. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა. 

დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის. ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას. 
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება. ერთად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია" - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ე.წ. ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას მხარი პოლიტსაბჭოს 25-მა წევრმა დაუჭირა. ესენი არიან - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბარამიძე და დავით კირკიტაძე. მათ სურთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩეს.

დღევამდელ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა გიგი წერეთელმა. სხდომას, პოლიტსაბჭოს 60-დან 50 წევრი ესწრებოდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ. 

კომენტარები