ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება, მასში მონაწილეობას 7 000 დელეგატი მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მინიმუმ 7 000 დელეგატი მიიღებს. დღევანდელ ღია კენჭისყრას პოლიტსაბჭოს 60-დან 50 წევრი ესწრებოდა. ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრამდე, პოლიტსაბჭოს წევრმა გია ბარამიძემ დააყენა ინიციატივა, რომ რამდენიმე დღე კომპრომისისთვის აეღოთ, თუმცა, მისი წინადადება პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ არ გაიზიარა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე ყრილობის ჩატარების ორი წესი განიხილეს, ერთი მათგანი ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარადგინა და ის 2 158-დელეგატიანი ყრილობის 27 დეკემბერს ჩატარებას ითვალისწინებდა. მეორე დოკუმენტი კი, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა. ამ წესის მიხედვით, ყრილობა 20 იანვარს უნდა ჩატარდეს და მასში ხმის უფლების მქონე მინიმუმ 7000-მდე დელეგატმა (არჩევნებში მიღებული 70 ხმა=1 დელეგატს) მიიღოს მონაწილეობა. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწორედ მეორე ვარიანტს, ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მხარდაჭერებს სურთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩეს.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ ენმ-ის VII ყრილობის დელეგატები ავტომატურად არიან: ენმ-ის პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრები, ენმ-ის რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოების წევრები, 2016 წლის არჩევნების დროს ენმ-ის პარლამენტის პარტიული სიის კანდიდატები და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის კანდიდატები, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

დელეგატების შერჩევის წყაროები არიან რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციები და ჯგუფები.

"პარტიული გაერთიანების თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის კანდიდატი/კანდიდატებმა დელეგატების შერჩევისას, როგორც წესი, უნდა გაითვალისწინონ საპარლამენტო არჩევნებში უბნებზე მიღებული შედეგები და დელეგატები შეარჩიონ ენმ-ის საუბნო წარმომადგენლობიდან" - ნათქვამია დოკუმენტში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ. 

მოცემულ ვიდეოში იხილავთ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიული ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური პარტიების წევრთა და ყრილობის დელეგატთა რაოდენობას.

კომენტარები