ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობას "ლარის გამყარების შირმით შემოაქვს ისეთი ინიციატივები, რომელიც ასამარებს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს". მთავრობის ეკონომიკურ გეგმას რომან გოცირიძე პარლამენტის მიმდინარე სხდომაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა ინიციატივა იქნება წარუმატებელი. გოცირიძემ მთავრობა ტყუილშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფასების ზრდის შესახებ, პრემიერმინისტრს რიგგარეშე სხდომაზე არ უთქვამს.
"თურმე, იმის გამო, რომ ლარი დასტაბილურდეს, მთავრობა გეგმავს 65 მილიონი ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხის დოლარიდან ლარში გადასაყვანად. დოლარში აქვს 500 000 ადამიანს სესხი აღებული, ახლა აპირებენ 30 000 კრედიტორისთვის ვითარების შემსუბუქებას, არავითარი შემსუბუქება არ იქნება, რადგან ლარში გადაყვანისას, პროცენტი გაიზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ლარი გამყარდება, მოუწევთ გაცილებით დიდი საგადასახადო ტვირთის ზიდვა. თუ გგონიათ და აპირებთ, რომ ლარი არ გამყარდეს? თუ შეეგუეთ იმას, რომ ლარი დარჩება 2.53 ან წავა წინ, ეს იქნება კატასტროფა ეკონომიკისთვის", - ამბობს დეპუტატი.
რომან გოცირიძის თქმით, დოლარის სესხების ლარში გადაყვანისთვის 65-მილიონიანი სუბსიდიის გამოყოფა ლარს კიდევ უფრო გააუფასურებს.
"საიდან მოგაქვთ 65 მილიონი? ვისი ფულით აპირებთ სესხების გასტუმრებას? გაისტუმრეთ საკუთარი ჯიბიდან. თუ ეს არის ბიუჯეტიდან აღებული ფული, ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, რაც იმოქმედებს შემდგომში ლარის გაუფასურებაზე, თუ თქვენ აიძულებთ ეროვნულ ბანკს, რომელიც უკვე ფეხქვეშ გაიგდეთ და ის დააფინანსებს ამ ძალიან ავანტურისტულ ოპერაციას, ეს იქნება ფაქტობრივად ემისიური, არაუზრუნველყოფილი ფულის გაშვება მიმოქცევაში, რომელიც გამოწვევს ფასების ზრდას და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას. ლარის გამყარების შირმით შემოგაქვთ ისეთი ინიციატივები, რომელიც ასამარებს საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს. დაინახავთ, რომ ყველა თქვენი ინიციატივა იქნება წარუმატებელი, საკუთარ არაკომპეტენტურობას და უვიცობას იგრძობთ სულ მალე", - თქვა გოცირიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთჯერადი სოციალური აქციის სახით, ფიზიკურ პირებზე 2015 წლამდე უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების ლარში კონვერტაცია მოხდება. კვირიკაშვილის თქმით, ლარში კონვერტაცია არსებულ კურსს მინუს 20 პუნქტის ოდენობით მოხდება. ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფო კონვერტაციის ღირებულების ნაწილს დაფარავს, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით 65 მილიონი ჩაიდება.





