თავდაცვის სამინისტრო

შოთაძე: "კრწანისში" შეჭრისა და მკვლელობის საქმე დასკვნით ფაზაზეა

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

მთავარი პროკურორის ინფორმაციით, კრწანისის სასწავლო ცენტრში შეჭრისა და მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზეა და გუშაგი ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებდა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციებით და შესაბამისი შიდა ბრძანებების ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ფაზაზეა. მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა გაავრცელებს შესაბამის ინფორმაციას", - აცხადებს შოთაძე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი 23 ოქტომბერს დილით შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა, რასაც 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ემსხვერპლა.

მოკლულის მამა, რომან შენგელია თავდაპირველად გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავდა. ასევე ამბობდა, რომ საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მან პოზიცია შეცვალა და აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხი მიიღო და დაელოდება გამოძიების დასრულებას.

კომენტარები