ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს განუმარტავს, რომ კრიტიკა და კითხვის დასმა დემოკრატიის არსია. მან კვირიკაშვილს მიმართა, რომ სიტყვა "ნომინალური" შეურაცხმყოფელი არ არის. მელიამ პრემიერობის კანდიდატს უთხრა, რომ უხერხულია იმაზე საუბარი, თითქოს ენმ საიდანღაც იმართება, მაშინ როცა, თავად ყველა გამოსვლას ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით იწყებს და ამთავრებს. იქამდე, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ენმ-ის დეპუტატი გააკრიტიკა და პოლიტიკური სტილი დაუწუნა.
"ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან გიკვირთ, რომ თან გაკრიტიკებთ და თან კითხვას გისვამთ? ეს არის დემოკრატიის არსი - თან აკრიტიკებენ, თან ეკითხებიან. თქვენ რა, გინდათ, დითირამბები გიმღეროთ და მერე დაგისვათ კითხვა? გეთანხმებით, კითხვა არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი არანაირად, მაგრამ სიტყვა "ნომინალური" (გუშინაც გითხარით და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცით დეფინიცია), არანაირად არ არის შეურაცხმყოფელი. და მეორე, საიდან გაიგეთ ბატონო გიორგი [რომ უზენაეს სასამართლოზე რუსთავი ორის საქმის გამო ზეწოლა არ მიმდინარეობს], მოიკითხეთ? დაურეკეთ ბატონ ფარცხალაძეს? მე მხოლოდ ორი გვარი არ დამისახელებია. თან, თქვენ საუბრობთ, რომ ჩვენ საიდანღაც ვიმართებით? ჯერ ჩამოყალიბდით - ვიმართებით თუ არა ვიმართებით, აბსოლუტურად გამომრიცხავი განცხადებები კეთდება. და მე მგონი, უხერხულია თქვენგან ამ ყველაფერზე საუბარი ბატონო გიორგი, როცა ყველა გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ ფრაზით - "მადლობა ბატონ ბიძინას" - ამბობს მელია.
ენმ-ის დეპუტატის დამაზუსტებელ შეკითხვას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უპასუხა.
"რაც შეეხება კომენტარს ე.წ ორმაგ შეკითხვებთან - თან შეურაცხყოფასთან და თან შეკიტხვებთან დაკავშირებით, ალბათ, თქვენ საკუთარი დეფინიცია გაქვთ შეურაცხყოფის, და ეტყობა თქვენთვის ასეთი რაღაცები არ არის შეურაცხმყოფელი, უნდა გითხრათ, რომ ეს ნამდვილი შეურცახყოფაა, როცა ადამიანს ეკითხები რაღაცას და ეს არის შეურაცხყოფის ზღვარზე სიარული მუდმივად, არ არის ეს საპარლამენტი ფორმატი, ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც თქვენ დგამთ და ნამდვილად არ არის იმ ადგილის საკადრისი, სადაც ვიმყოფებით. მე მოსვლისთანავე, თავშივე ვთქვი, რომ არ გამოგყვებოდით ამ რიტორიკაში და ვაგრძელებ ამ მიდგომას, მაგრამ დააფასეთ, მეგობრებო, ეს მიდგომა" - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.





