ე.წ. ნარუშილოვკა

ნადირაშვილი ე.წ. ნარუშილოვკებზე: რომელი იტყუებით, იზორია თუ მღებრიშვილი?

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში მიმდინარე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის და შს მინისტრობის კანდიდატებს კითხვა ე.წ. ნარუშილოვკების შესახებ დაუსვა. ნადირაშვილს აინტერესებს, რომელი იტყუება - ლევან იზორია თუ გიორგი მღებრიშვილი. 

"ლევან იზორიას რამდენიმე თვის წინ, როდესაც სუს-ის ანგარიშს წარადგენდა, ვკითხე - როგორ გადაწყდა იმ ადამიანის საკითხი, ვინც მის ძმას მისცა ე.წ. ნარუშილოვკა. მან მიპასუხა, რომ იმ პირმა, ვინც მის ძმას "შეაჩეჩა" საბუთი, აგო პასუხი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, მე გავგზავნე სპეციალური შეკითხვა შსს-ში, დაეკონკრეტებინათ - ვინ აგო პასუხი. მივიღე წერილი გიორგი მღებრიშვილისგან, რომ არავის არ უგია, რადგან გამოძიება პროკურატურაში ისევ მიმდინარეობს. მაინტერესებს, რომელი იტყუებით, რომელიც ამბობთ, რომ პასუხი აგო თუ რომელიც - გამოძიება მიმდინარეობს. და მაინტერესებს, რა დრო გჭირდებათ ამ გამოძიების დასასრულებლად", - იკითხა ენმ-ის დეპუტატმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას თქმით კი, ე.წ. ნარუშილოვკების თემაზე ირმა ნადირაშვილმა ქალაქის პროკურატურას უნდა მიმართოს.

"ზუსტად ამ დარბაზში მე ვთქვი, რომ პიროვნებები დადგენილია და, სხვათა შორის, ეს პიროვნებები პროკურატურაში გამოიკითხნენ. შესაბამისად, მე გთხოვეთ თქვენ მაშინ, რომ მიგემართათ შესაბამისი უწყებისთვის. ამ შემთხვევაში, სასურველია, ქალაქის პროკურატურას მიმართოთ და გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია. ვიღაცის კონკრეტულ [ბრალეულობას] მე ვერ განვსაზღვრავ, მე არ ვარ საგამოძიებო ორგანო და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო ორგანო. პროცესი მიმდინარეობდა, გამოკითხვა შედგა, მათ შორის, ჩემი ძმის და იმ პიროვნების, ვინც იდენტიფიცირებულია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთ თანამდებობის პირს, მით უფრო მინისტრის დონეზე, ამაში არავითარი "წვლილი" არ მიუძღვის. აქ სხვა პიროვნებებზეა საუბარი და ინტერესის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაადგინოთ ეს პიროვნებები", - განაცხადა იზორიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის თქმით კი, "მე თქვენ წერილი მოგწერეთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით თუ გაინტერესებთ, კიდევ მომმართეთ წერილობით და კიდევ გაგცემთ პასუხს. გამოძიება გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დადგინდება ყველა გარემოება".

ტაბულა დაუკავშირდება პროკურატურას ინფორმაციისთვის, ვინ გამოკითხეს ე.წ. ნარუშილოვკების საკითხზე.

ცნობისთვის, პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გასული წლის სექტემბერში გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. 

კომენტარები