ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა ელენე ხოშტარიამ სამთავრობო ცვლილებები შეაფასა. მისი თქმით, ენმ ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს, რადგან "ხელისუფლებამ იმავე პოლიტიკის გატარება დააანონსა" და ქართულ ოცნებას "არ გაუაზრებია პრობლემების მიზეზები". როგორც ხოშტარია ამბობს, ენმ-ის მთავარი ამოცანა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შემცირება იქნება.
"ის გუნდი, ის კანდიდატები, რომლებიც წარმოგვიდგინა ქართულმა ოცნებამ, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის კმაყოფილი იმ 4 წლით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. მათ არ ესმით არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს პოლიტიკა ბევრი მიმართულებით. ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ აბსოლუტურად არ ესმით და არ გაუაზრებიათ, თუ რამხელა ტვირთად აწევს საზოგადოებას ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია ძალიან მძიმე კრიმინოგენული ვითარებით და აქაც აუცილებელია ქმედითი ცვლილებები. მათ არ ესმით, თუ როგორი გამოწვევაა ქყვეყნის სოციალური პრობლემები, სიღატაკე, უმუშევრობა და აქაც აუცილებელია ცვლილება, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დააანონსა იმავე პოლიტიკის გატარება. პოლიტიკის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და საუბრობს, რომ ყველაფერი არის კარგად და საზოგადოების ბრალია, რომ ვერ გრძნობენ, თუ როგორ კარგად ცხოვრობენ. საზოგადოების ბრალია, რომ არ ქირაობენ ბანკირებს, რომ არ იციან ლარის მოხმარება, რომ არიან უმუშევრები... ეს იმას ნიშნავს, რომ შევდივართ იმავე ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას აბოლუტურად არ გაუაზრებია მათი პრობლემების მიზეზები. ამ ვითარებაში, ცხადია, ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ამ 4 წლის განმავლობაში, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ შევამციროთ ზიანი, რომელიც მიადგება საზოგადოებას ასეთი მთავრობის მხრიდან", - თქვა ხოშტარიამ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება. ამის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ. ასევე, გაიმართება მათი შეხვედრა უმცირესობასა და უმრავლესობასთან. ამის შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს და დაამტკიცებს.





