საქართველოს მთავრობა

ბაქრაძე: მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დავუჭერთ

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს. ბაქრაძის თქმით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარებაა, რის გამოც მოსახლეობა იმაზე უფრო ღარიბია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

"მთავრობის მუშაობის შედეგად ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე, გაუფასურდა ლარი, დაიკლო ვაჭრობამ. ადამიანებს დღეს უფრო უჭირთ, ვიდრე ოთხი წლის წინ, სწორედ ეს იქნება ის თემები, რომლებშიც ჩვენ ვიქნებით ძალიან კრიტიკული მთავრობის მიმართ უმცირესობის განხილვაზეც და საკომიტეტო მოსმენებზეც. არა, რა თქმა უნდა, ამ გარემოებებიდან გამომდინარე არ დავუჭერთ მხარს", - ამბობს ბაქრაძე.

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს. არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაკარგავს, მის ადგილს კი პირველი ვიცეპრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ქუმსიშვილის ადგილს პარლამენტში ქართული ოცნების წევრი და ყოფილი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაიკავებს. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც დაკარგავს, რისი მიზეზიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ნელი ტემპია. 

კომენტარები