აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ჰილარი კლინტონი არჩევნებზე მარცხში FBI-ის ხელმძღვანელს ადანაშაულებს

Reuters

ჰილარი კლინტონი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის, უკავშირებს.

28 ოქტომბერს ჯეიმს კომიმ კონგრესს აცნობა, რომ FBI ჰილარი კლინტონის ახლადაღმოჩენილ ელექტრონულ წერილებს ამოწმებდა და ივლისში დასრულებული გამოძიება შესაძლოა განახლებულიყო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 6 ნოემბერს, კომიმ განაცხადა, რომ კლინტონის ელექტრონულ წერილებში კრიმინალის ნიშნები არც ახლა გამოიკვეთა.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა დემოკრატების კანდიდატმა დამარცხება კამპანიის დონორებთან საუბარში, რომლის შინაარსი მედიისთვის გახდა ცნობილი.

როგორც BBC წერს, დამარცხებულმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ არჩევნების წინ კომის განცხადებამ მისი ახალი იმეილების შესწავლის თაობაზე, „მომენტუმი შეაჩერა".

„იმას, რომ ასეთი არჩევნები წარმატებული არ გამოდგა, ბევრი მიზეზი აქვს. მაგრამ კომის წერილმა, რომელმაც წარმოშვა უსაფუძვლო ეჭვები, ჩვენი მომენტუმი შეაჩერა. რეიტინგი დაეცა, დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა უპირატესობის დასაბრუნებლად" - თქვა კლინტონმა.

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიების ცნობით, კლინტონი სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერს იყენებდა. კანონის მიხედვით კი, აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა დაცული და არა კერძო ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ. გამოძიება 2016 წლის ივლისში, ბრალის წარდგენის გარეშე შეწყდა.

8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი რეპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.

კომენტარები