აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კლინტონმა ქალებს შორის ისეთი შედეგი ვერ აჩვენა, როგორსაც ელოდა

ჰილარი კლინტონი

მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა, ასევე მიუხედავად უკვე არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სექსისტური რიტორიკისა და ქალებზე სექსუალური თავდასხმის შესახებ საუბრის ჩანაწერისა, კლინტონმა ქალებს შორის ისეთი შედეგი ვერ აჩვენა როგორსაც ელოდა.

CNN-ის ეგზითპოლების მიხედვით, მას არჩევნებზე მისული ქალების 54%-მა დაუჭირა მხარი, რაც ბარაკ ობამას 2012 წლის მონაცემზე 1%-ით ნაკლებია. ქალებს არც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უაქტიურიათ განსაკუთრებით.  არჩევნებზე 2012 წელთან შედარებით სულ 1%-ით მეტი ქალი მივიდა.

ჰილარი კლინტონმა  მოახერხა თეთრკანიანი უმაღლესი განათლების მქონე ქალების მიმხრობა (51%) თუმცა ჯამში თეთრკანიანი ქალების ჯგუფში მას მაინც დონალდ ტრამპმა აჯობა (53%). ამ უპირატესობის მოპოვებაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს უმაღლესი განათლების არმქონე თეთრკანიან ქალები დაეხმარნენ.

ანალიტიკოსებმა კლინტონის იმედგაცრუება რამდენიმე მიზეზით ახსნეს, მათ შორის იმით, რომ კლინტონი ქალი ამომრჩევლის ნაწილის თვალში საძულველ ისტებლიშმენთს წარმოადგენს. მიუთითებენ იმაზეც, რომ ახალგაზრდა ქალებს (განსაკუთრებით მილენიალებს) არ სურთ კანდიდატის გენდერული ნიშნით მხარდაჭერა, მათი ნაწილის გული კლინტონის დემოკრატ კონკურენტ ბერნი სენდერსს ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, ასაკით შედარებით უფროს ამომრჩევლებს მისი, როგორც ქალი კანდიდატის მხარდაჭერის აღტაცებამ 2008 წელს გადაუარა, როდესაც ის ობამას კონკურენტი იყო.

კომენტარები