ბლოგი

ტექნოკრატების დრო

მას შემდეგ, რაც 2016 წლის თებერვალსა და ივნისს შორის გამართულ რესპუბლიკელთა „პრაიმერიზში“ ხმაურიანმა ექსცენტრიკოსმა დონალდ ტრამპმა ყველა მეტოქე დაამარცხა და საპრეზიდენტო ნომინაციაც დაიმსახურა, გაუგონრად არაპოლიტკორექტული კანდიდატის წარმატების ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ე.წ. Monster vote theory დასახელდა. ითქვა, რომ ტრამპმა მდუმარე უმრავლესობის, ანუ, აქამდე პოლიტიკით არდაინტერესებული და არჩევნებისას პასიური – "მონსტრებად" წოდებული ამომრჩევლის მობილიზება მოახერხა. ამ სპეციფიკური პუბლიკის დაინტერესების ასახსნელად, მილიარდერის დაპირებათა მთელი ბუკეტიც შეგვახსენეს: სამხრეთ საზღვარზე "ჩინურ კედელზე ერთი ფუტით მაღალი“ კედლის აგება, "მუქთახორა" მექსიკელებისთვის ადგილის მიჩენა, მუსლიმთა კონტროლის ქვეშ აყვანა და მუსლიმ დევნილთა ქვეყანაში არშემოშვება, "თავისუფალი ვაჭრობის სამართლიანი ვაჭრობით“ ჩანაცვლება, ჰილარი კლინტონის პასუხისგებაში მიცემა და მრავალი სხვა. ჯამში, ყველაფერ ამას ახლებური ფენომენი – "ტრამპის ეფექტი" ეწოდა.

საქართველოში მსგავსი ფენომენი – "ივანიშვილის ეფექტი", 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილეთ. ისევე, როგორც წელს ამერიკაში, ჩვენთანაც იმ არჩევნებზე, თუმცა, რეგისტრირებული, მაგრამ მანამდე პასიური ამომრჩევლები – "მონსტრები" მივიდნენ. მივიდნენ უმთავრესად იმიტომ, რომ "სწორი" არჩევანის შემთხვევაში ექნებოდათ ის, რაც მანამდე არ ჰქონიათ: უფასო ფული, გასტუმრებული კრედიტები, ბენზინი 15-20 თეთრად (ლიტრიდან ლარი ხომ მიშას მიჰქონდა), მთლიანი ქათამი (ბარკალიც ხომ მიშას მიჰქონდა), "ასი ახალი ქარხანა", მიშას და სხვა ნაცების ციხეში ხილვის პერსპექტივა და ა.შ. ერთი სიტყვით, "მონსტრები" არჩევნებზე მივიდნენ იმიტომ, რომ "მევიდა ჩვენი დრო“.

წლევანდელ, ახლადჩამთავრებულ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება "მონსტრების" მობილიზების გარეშეც ადვილად გავიდა ფონს. ამჯერად, ფანტასტიკური დაპირებების ნაცვლად, წარსულის აჩრდილებს მოუხმეს. ვირტუალურად, პარალელი ივლებოდა შესაძლოა "უნიათო“, მაგრამ უწყინარ ამჟამინდელ ხელისუფლებასა და შესაძლოა ქმედით, მაგრამ "პირსისხლიან“, ტერორისტ წინა რეჟიმს შორის. ხელისუფლების მიერ მასირებულად ტირაჟირებულ, ასეთ ვირტუალურ პარალელს თითქოს საბჭოთა დროში გადავყავდით, როდესაც ბრეჟნევის "ზასტოის“ ხანაში, უფროსი თაობის ხალხი სტალინის ეპოქასთან აკეთებდა შედარებას: "კი, ბატონო, უძრაობაა, ბრეჟნევი უწიგნური, არაფრის მაქნისი მმართველია, მაგრამ ყველაფერი ეს სტალინისდროინდელ კოშმარებს ხომ სჯობს?“ ერთი სიტყვით, "ოცნების" იდეოლოგები მიგვანიშნებდნენ, რომ მიშა თანამედროვე სტალინია. კი, დაამარცხა კორუფცია, ააშენა გზები, განაახლა ქალაქები და ა.შ., მაგრამ მის დროს "ქუჩებში ბავშვებს ხოცავდნენ" და ციხეებში "ათასობით ვაჟკაცს აუპატიურებდნენ".

თანაც, გასაოცრად, ამ, ხელისუფლების მიერ დანერგილ ლოგიკას ნაცმოძრაობის ლიდერთა დისკურსმაც ფეხი აუბა: „ეს იყო ის სირცხვილი და დაღი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ბოლომდე გაჰყვება“, ამბობდა საჯაროდ დავით ბაქრაძე „კასრების საქმესთან“ დაკავშირებით. მაგრამ, თუ ეს ასეა, თუ ხსენებულ სისასტიკეებს „სისტემური“ ხასიათი ჰქონდა, გაუგებარია, რატომ ჩასვეს ბაჩო ვაშლის გათლისთვის, ვანო და გიგი მომხრეთა დასაქმებისთვის, ხოლო მიშას რატომ წარედგინა ბრალი შვიდი თუ რვა პიჯაკისთვის, მასაჟისტი ქალის ჩამოყვანისთვის, ანდაც იუშჩენკოს საბანაო ხალათისთვის და არა იმ მრავალი „პირსისხლიანი“ დანაშაულისთვის? მოკლედ, გაუგებარია, თუ რატომ იმართლებდა თავს ნაცმოძრაობა დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო და როდესაც თავად გადადიოდა კონტრშეტევაზე, ამას ესოდენ მოკრძალებით აკეთებდა? გაუთავებლად ხელისუფლების „უნიათობაზე“ ლაპარაკის ნაცვლად, ნუთუ უფრო უპრიანი არ იქნებოდა იმ შავბნელ საქმეებზე კონცენტრირება, რომლებიც „ოცნების“ მმართველობისას ჩაიდინეს? „უნიათოა“ თუ კრიმინალია ის ხელისუფლება, რომლის დროს ქვევრში მოათავსეს რაფალიანცის ბავშვი, მოკლეს თათუხაშვილი და კიწმარიშვილი, გამოაცხვეს „ჯიხადის ვიდეოები“, ჟვანიას საქმეზე (რომლის ირგვლივ „საზოგადოებამ სიმართლე“ ვერა და ვერ შეიტყო) ციხეში თვეობით აყურყუტეს სამოცს გადაცილებული, გულით ავადმყოფი კაცი და ახლა კი „კაბელების საქმეზე“ კვლავაც აყურყუტებენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული, როგორც ჩანს, ამ უწყებაში ალასანიას მინისტრობისას მუშაობაა? და ბოლოს, „ცოცხებისა“ და „კასრებისთვის“ („ნიღბიანი ავაზაკები“) ვინ აგებს პასუხს, ვინ დაისაჯა ამ ყველაფრის გამო? და, თუ შემსრულებლები დაისაჯნენ, რა თქვეს მათ დაკითხვაზე, ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და სულისჩამდგმელი?

სავალალოდ, „ოცნების“ პრიმიტიულ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეფექტიან წინასაარჩევნო ტაქტიკას („თუ არა ჩვენ, იქნება მიშა და იქნება ცოცხები“), გუბერნატორ სააკაშვილის მიერ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულმა გზავნილებმაც შეუწყო ხელი. იყო თუ არა „ზღვის გადაცურვებსა“ და „გვირაბის გათხრებზე“ მინიშნებების კეთება ტაქტიკური შეცდომა, ამ კითხვაზე ალბათ არჩევნების შედეგმა გასცა პასუხი. უცნაურია, რომ საუკეთესოდ დასაქმებულმა, მართლაც კარდინალურად მნიშვნელოვან პოსტზე მყოფმა პოლიტიკოსმა ძირითადი აქცენტები კვლავ ქართულ პოლიტიკაზე გადმოიტანა. უთუოდ, მავანი იტყვის, რომ სწორედ სააკაშვილის ანგაჟირებამ მოუტანა ნაცმოძრაობას ხუთასი ათასი ამომრჩევლის ხმა. დავუშვათ. მაგრამ, მას რომ მომხრეებისადმი გზავნილის ფორმულირება შემდეგნაირად მოეხდინა: „ჩვენი ქვეყნების ბრძოლა ერთი ბრძოლაა. მე კვლავაც ფრონტის წინა ხაზზე ვარ. თქვენ კი, მოგიწოდებთ ერთიანობისკენ და ნაცმოძრაობის ლიდერების უპირობო მხარდაჭერისკენ“ – რა, არ გაერთიანდებოდა ნაციონალების ამომრჩეველი პარტიის ირგვლივ? არჩევნებში მიღებულ პროცენტს რამე მოაკლდებოდა? არ იქნებოდა თავისთავად ბუნებრივი, რომ წარმატების შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა? მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკოსი სააკაშვილის პრობლემა ის არის, რომ მასში რომანტიკოსი გადასწონის ხოლმე პრაგმატიკოსს. ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში ჩვეულებრივად, თვითმფრინავში ჩაჯდომა და განსაკუთრებული აურზაურის გარეშე დაბრუნება, მისთვის ზედმეტად ტრივიალური იქნებოდა. მიშას ქმედებებს მუდამ სპექტაკლი და სანახაობა უნდა ახლდეს. მითრიდატეზე გამარჯვებული პომპეუსის ზარ-ზეიმით შესვლა რომში, ელბაზე გახიზნული ნაპოლეონის ტრიუმფალური დაბრუნება ტიუილრის სასახლეში. Deus ex machina, დიადი წარმოდგენა. რასაკვირველია, არჩევნების დღეს სარფში ჩამოსვლის პერსპექტივა და ყველაფერ ამასთან თანმხლები ვნებათაღელვაც, ამ დრამატურიაში შესანიშნავად ჩაეწერებოდა.

არავინ დავობს, მსგავსი ემოციური მუხტის შემოტანა ბუნებრივი მონაცემი იქნებოდა ქვეყანაში რევოლუციური განწყობის არსებობის შემთხვევაში. მაგრამ, ფაქტია, რომ ამჟამად არსებული ვითარება რადიკალურად განსხვავდება 2003 წლის მონაცემისგან. დღევანდელ დღეს ქუჩის აქციებში ხალხის მასების ჩაბმა ფანტასტიკის სფეროდანაა, ხოლო პარლამენტის ბოიკოტისა და პოლიტიკური რადიკალიზაციისკენ მოწოდება – უპასუხისმგებლო ოპორტუნიზმი. სრულიად აშკარაა, რომ ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე) არსებული პოლიტიკური რეალია უპრობლემოდ მიიღო. „ოცნების“ პროპაგანდისტულმა ფორმულამ იმუშავა, ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური, შიდა თუ საგარეოპოლიტიკური სტაგნაცია გრძელდება.

და, ახლა რაშია გამოსავალი? ალბათ, პარლამენტში წარმოდგენილი ნაციონალების – ბოკერიას, ხოშტარიას, ტუღუშის, სამადაშვილის, კახიძის, კაპანაძის პროფესიონალიზმსა და გაცილებით მრავალრიცხოვან მეტოქე-„კოლეგებზე“ თვალსაჩინო ინტელექტუალურ უპირატესობაში. ამომრჩევლის ცნობიერებაში გარდატეხის შეტანის მცდელობაში. მის დარწმუნებაში, რომ „ოცნების“ ბრეჟნევისეული, ინერტული და არაფრისმთქმელი უძრაობის ხანა განწირულია. ჯამში, ამ, ტრადიციულმა ამომრჩეველმა ნათლად უნდა დაინახოს, რომ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი პათეტიკის, „დიდგორებსა და მარაბდებზე“ აპელირების ეპოქა წარსულს ჩაბარდა და ოცდამეერთე საუკუნის შესაფერისი, საქმის მცოდნე ტექნოკრატის დრო დადგა. და, შემდგომ, ყველაფერმა ამან, იქნებ, ექსცენტრიკოსი მილიარდერების მიერ პოლიტიკური პოპულიზმის ხარჯზე მიამიტი, გულუბრყვილო ამომრჩევლების – „მონსტრების“ ხმებზე ნადირობაც ანაქრონიზმად აქციოს.

კომენტარები